თბილისიდან კატმანდუში მოხვედრა შეიძლება Fly Dubai, Air Arabia-ს და Qatar Airways-ის მეშვეობით. უკანასკნელი ყველაზე ძვირია. აირ არაბია კი წელს კარგ აქციებს ატარებს, ასე რომ ფასები და აქციები გადაამოწმეთ. თბილისიდან დუბაიმდე ფრენა 3 საათს გრძელდება, დუბაი-კატმანდუ კიდევ 4.5 საათი. ყატარიდან და ემირატების სხვა ქალაქიდანაც დაახლოვებით იგივე დროა. ნეპალი პოპულარული მიმართულებაა. შესაბამისად, ტურისტებს საშუალება აქვთ მათთვის ხელსაყრელი ფრენა შეარჩიონ.

სავიზო პოლიტიკა ნეპალს ძალიან ლმობიერი აქვს, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ტურიზმზე. ტურისტულ ვიზას აეროპორტში გასცემენ. 2 კვირიანი ვიზა ღირს 25$, 1 თვე 40$, 3 თვე – 100$. წელიწადში უცხოელს ტურისტული ვიზით ნეპალში 155 დღე აქვს ყოფნის უფლება, ამიტომ ბევრი უცხოელი ნახევრად ცხოვრობს ნეპალში 🙂 ახლა ვიზისთვის ელელქტრო ტერმინალებიც დადგეს აეროპორტში, მაგრამ აუცილებლად თან იქონიეთ კალამი და 2 ფოტოსურათი. ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ ვიზის საფასურის გადახდა, მერე აპლიკაციის შევსება, ასე თავს აარიდებთ რიგებს, რადგან ყველა ჯერ აპლიკაციას ავსებს და მერე დგებიან სალაროს რიგში. კალამი იქონიეთ იმიტომ რომ არსად არ დევს. კატმანდუს ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი საეჭვოდ ჰგავს საბჭოთა ფოსტას.

ფული, მობილური კავშირი, ბარათები

ნეპალის ეროვნული ვალუტა ნეპალური რუპიაა. მიმდინარე კურსი დოლართან დაახლოვებით 100 რუპია = 1$. ფულის დახურდავება ყველგან შეიძლება, აეროპორტშიც, კატმანდუშიც, პოჰარაშიც, თუმცა უფრო პატარა დასახლებებში შესაძლოა პრობლემა იყოს და ჯობია საკმარისი რაოდენობის რუპები გქონდეთ. ყველაზე დიდი კუპიურა 1000 რუპია, ანუ 10$. რაც საკმაოდ მოუხერხებელია. აეროპორტში, ტამელზე, დურბარზე და პოჰარაში ყველგან ერთი და იგივე კურსი იყო, რუპების მეასედების სხვაობით, ოქტომბერში 1$ = 95 რუპი ღირდა კაპიკებით, ასე რომ სად დაახურდავებთ ფულს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ბანკომატები კატმანდუსა და პოჰარაში ბევრია, სხვაგან არა. მნიშვნელოვანია: ნეპალში თითქმის ყველა ბანკომატი, ნებისმიერი სახის ბარათიდან განაღდებაზე საკომისიოს 400 რუპის აჭრის! მე ვიზა თრეველი ავიღე კსბ ბანკიდან, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, აჭრის ყველას. ერთადერთი პატიოსანი ბანკომატი რაც ვნახე Guesthouse Kathmandu-ს ეზოში იყო, ტამელზე. ტერმინალები გადასახდელად თითქმის არავის არ აქვს, თან ფასი ნაღდი და უნაღდო გადახდის დროს მნიშვნელოვნად განსხვავდება მაღაზიებში, ამიტომ ტერმინალები დაივიწყეთ, ნაღდი ფული.

27 მილიონიან ქვეყანაში მონსტრი და მონოპოლისტი მობილური კავშირის სფეროში არის NCell – ჯეოსელის მამიდაშვილი. სიმ ბარათები აეროპორტში იყიდება. რატომღაც ამისთვისაც ფოტოს ითხოვენ. არ ვიცი რა ტარიფი და ინტერნეტ პაკეტი ჩამირთეს მაგრამ თითქმის ბოლომდე ჯიგრულად მეყო. ვიყიდე აეროპორტში. 3G დაფარვა კარგია. ერთადერთი სადაც არ იყო მობილური ინტერნეტი – მუსტანგის რეგიონი, ჯომსომის ზემოთ.

 სასტუმროები

Booking.com-ის ძალა და მადლი შეგეწიოთ ყველას. კატმანდუში ვიყავი 3 სასტუმროში, Hotel Nana, Shree Tibet guesthouse, და New hotel Elite. ფასები 8 და 13$, ყველაზე კარგი და რეკომენდირებული პირველი სასტუმროა – ნანა, 8$, სუფთა, ნორმალური სასტუმრო, ინდივიდუალური შხაპითა და ტუალეტით და აივნით, ერთადერთი ნაკლი – ქუჩიდან ხმაური იყო, რასაც მალე შევეჩვიე. ტიბეტში ისეთი ოთახი მომცეს, რომ ხედი ფანჯრიდან მქონდა აგურის კედელი, ელიტი კი უსაზიზღრესი იყო.

ნაგარკოტში გესთჰაუსი Mount Paradise – საუზმით 13$, საერთო სველი წერტილით. ძალიან სუფთა და კარგი ადგილი, ყველას გირჩევთ. სადილი ფასში არ შედის ცალკეა შესაკვეთი. უგემრიელესი იყო. საწოლები და საბნები უმაღლესი ხარისხის, მოკლედ აქ რამდენიმე დღე სიამოვნებით დაისვენებდა კაცი.

ჩიტვანში ტური მქონდა ნაყიდი და სასტუმრო Parkland-ში მოვხვდი. დასაწუნი ნამდვილად არაფერი ჰქონდა. შესანიშნავი სასტუმრო ძალიან კარგი პერსონალით.

პოჰარაში გავჩერდი სასტუმრო Mountain view ლეიქსაიდის სამხრეთ ნაწილში, ავტოსადგურთან ახლოს. 8$. დასაწუნი არც ამას ჰქონდა რამე. ძალიან კარგი პერსონალი.

ჯომსომში და ა.შ. ბუქინგით ვეღარ იპოვით ვერაფერს, თუმცა არაა პრობლემა, როგორც მესტიაში აქაც ყველა სახლი სასტუმროა, მიდი აარჩიე ადგილზე. მე ვიყავი სასტუმრო ქსანადუში, აეროპორტის გვერდზე, ლონლი პლანეტი აქებდა. ნუ სასტუმრო მართლაც სუფთა და კარგი იყო. ნომრის ღირებულება 5$-დან. საჭმელი ცალკე. საქართველოში გესთჰაუსები 50 ლარი ღირს კვებით. აქაც ასე გამომივიდა სამჯერადი კვებით და ნ რაოდენობით ჩაის სმით.

ნეპალი, ადგილობრივი სასტუმროები, და მნიშვნელოვანი დეტალები

მნიშვნელოვანი შენიშვნა: მუსტანგში, და ალბათ სხვა მაღალმთიან რეგიონებში, ტურისტების 99% თრეკერები არიან და საკუთარი საძილე ტომრებით დადიან. გესთჰაუსებში თეთრეულის ცნება არ არსებობს და საბანსაც მოთხოვნის შემდეგ იძლევიან. ამიტომ, თხელი საძილე ტომარა აუცილებლად იქონიეთ მაშინაც კი, თუ მხოლოდ გესთჰაუსებში აპირებთ ღამისთევას. მინიმუმ საძილე ტომარაში ჩასაფენი თხელი კონვერტი იქონიეთ თეთრეულის მაგივრობის გასაწევად.

კაგბენიში სასტუმრო Nilgiri view სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო ყველაფრით. ფასი 3$. ჯჰარკოტში სასტუმროს სახელი ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა არჩევანი ფართოა, ფასი 4$ იყო, საბნები კი სასტიკად ჭუჭყიანი, სამაგიეროთ სუფთა და ლამაზი სქელი ადიალები იყო.

მუსტანგში ნომრის ფასები დაბალია, სველი წერტილები საერთო როგორც წესი და არსად არაა კვება ამ ფასში. საჭმლის შეკვეთა ყველგან შეიძლება, საჭმელი ყველგან კარგი იყო, და სადღაც 4$ საუზმე და 6-7$ ვახშამი. მუსტანგში შტეფსელები და აპარატურის დატენვა უპრობლემოა, მაგრამ ევერესტისკენ ეგეც ცალკე ფული ღირსო, ასე ამბობენ.

ტრანსპორტი

ტრანსპორტი კატმანდუში ავტობუსებისგან, ტუკტუკებისგან და ტაქსებისგან შედგება. ველორუქშები მხოლოდ ტურისტული თავშეყრის უბნებში არიან. ტუკტუკი ეს სპეციფიური ბორბლებიანი და მოტორიანი ურემია სადაც 6 ნეპალელი ეტევა (ალბათ 4 ევროპელი დაეტევა). ტუკტუკებსა და ადგილობრივ ავტობუსებში გარკვევა ვერ მოვახერხე, რადგან ნომრები არ აქვთ, კითხვა არ ვიცი… ერთხელ ვიმგზავრე ავტობუსით ისიც მითხრეს რომელი მჭირდებოდა. საკმაოდ დიდი მანძილი (ბრაჰტაპური-კატმანდუ) 25 რუპია ღირდა.

ტურისტები ყველაზე ხშირად ტაქსებით სარგებლობენ. ტაქსი კატმანდუში მეტია ვიდრე თბილისში. ფასი ისეთია როგორც შეევაჭრებით. ვაჭრობა აუცილებელია. აეროპორტი – ტამელი 700 რუპიაა სტანდარტული ფასი. ყველანაირად უნდა ივაჭროთ და აჩვენოთ რომ ახალბედა ტურისტი არა ხართ, თორემ კაი ძვირი ფასები გამოდის თბილისთან შედარებით. მე მაინც ძვირი გამომდიოდა, თუმცა ბენზინი იქ იგივე ღირდა რაც აქ, თანაც რიგები იდგა, მანქანები კი ჩვენთან შედარებით ასტრონომიულად ძვირი ჯდება (განბაჟება 300%) ამიტომ ლოგიკურია ტაქსი რომ თბილისზე ძვირია.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

ნეპალში არ არსებობს რკინიგზა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არის ან შიდა ავიახაზები ან ავტობუსები. ნეპალი მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიანი ქვეყანაა, უამრავი რეგიონი მოწყვეტილია სამყაროს და იქ არ არსებობს საავტომობილო გზები, ამიტომ მთიან რეგიონებში ჩასვლა ხშირად მხოლოდ ავია ტრანსპორტითაა შესაძლებელი. ამის გარდა ნეპალში ვიწრო გზებია, მგზავრობას დიდი დრო უნდა და ქალაქებს შორისას ავიატრანსპორტი ყველაზე სწრაფია. ნეპალში რამდენიმე შიდა ავიახაზია: Tara airlines, Simrikair, Yeti airlines, Buddha air. მე მხოლოდ სიმრიკით ვიფრინე პოჰარა – ჯომსომი და უკან ჯომსომიდან პოჰარაში, ძალიან ემოციური ფრენები იყო. იგივე მმართულებით ტარაც დაბრინავს და უფრო საიმედოა.

სხვა ავიახაზებზე ვერაფერს ვიტყვი. ბილეთები იყიდება ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოში, ესენი კი ვედრა ლარად არიან პოჰარაშიც და კატმანდუშიც. ფასები ერთი და იგივეა. იაფი სიამოვნება ფრენა არაა. ზოგი ამბობს რომ პირდაპირ აეროპორტში უყიდიათ ბილეთები და თან უვაჭრიათ, მაგრამ ეგ არ ვიცი.

ავტობუსები ორ დიდ კატეგორიად იყოფა – ტურისტული და არატურისტული. ტურისტული ავტობუსები უფრო კომფორტულია, ბილეთები წინასსწარ იყიდება და ჩვენი თვალსაზრისით დასაწუნი არაფერი აქვს. ლოკალურისა არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ ხშირად სახურავზე უწევთ მგზავრობა. ტურისტული ავტობუსებით ვიმგზავრე ნაგარკოტში, ჩიტვანში, პოჰარაში და უკან კატმანდუში. ნაგარკოტი მგონი ორივე გზა 5$ დამიჯდა, ზუსტად არ მახსოვს, ჩიტვანამდე და პოჰარამდე ტურში შედიოდა და არ ვიცი, პოჰარა-კატმანდუ 7$ დამიჯდა. ბილეთებს ნებისმიერი ტურისტული სააგენტო და სასტუმრო ყიდის. ფასები ჰუმანურია, კომფორტი საკმარისი. ავტობუსის გასვლის ადგილი უნდა იცოდეთ, პრინციპში კატმანდუში ბალაგანია, პოჰარაში კი ოკრიბას მაგვარი ავტოსადგური. არატურისტულით დიდ მანძილებზე არ მიმგზავრია და არ ვიცი რა ხდება.

 ტურისტული მომსახურება

ნეპალი ტურისტული ქვეყანაა. ამას აეროპორტში ვერა, მაგრამ ტამელზე იგრძნობთ. ყველა ცდილობს რაიმე ხერხით თქვენზე ორიოდე რუპი გააკეთოს. ტურისტული კომპანიები იმდენია თვალები აგიჭრელდებათ, ზოგს გარეთ ჰყავს კიდეც აგენტები, ვინც ცდილობს შეგაცდინოთ და შეგიტყუონ ოფისში, ოღონდ და რამე იყიდოთ. თუმცა, მაშინაც კი, თუ დამოუკიდებელი მოგზაური ბრძანდებით, არის სერვისები, რის ყიდვასაც აქვს აზრი. თუნდაც ჩიტვანში 3 დღიანი ტური უამრავი აქტივობით, დამოუკიდებლადაც შეიძლება ამის ორგანიზება, პირდაპირ სასტუმროსთან დაკავშირება, წინასწარ ვიყიდე, არ ვინანე არცერთი წამით.

კიდევ მაგალითად პოპულარული ატრაქციაა ევერესტის გარშემო ფრენა, დამოუკიდებლად ცხადია ამის გაკეთება ძალიან ძნელია. თუ კი საჭირო გახდა ტურისტული მომსახურება, მხოლოდ ერთ კომპანიას გავუწევ რეკომენდაციას, ვისგანაც ვიყიდე ჩიტვანის ტური და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. Break free adventures ოფისი ტამელზეა თუმცა მე წასვლამდე 1 თვით ადრე დავჯავშნე ჩიტვანში ტური. ჩიტვანის ტურები აქ ნახეთ. მფლობელმა ბჰარატმა არაჩიტვანურ კითხვებზეც გამცა პასუხი, მუსტანგის ტრეკინგზე ვკითხე რაღაცეები, თუმცა დავაზუსტე, რომ აქ არაფრის ყიდვას არ ვაპირებდი. ყველა კითხვაზე პასუხი გამცა. ამ თემაზე დაწვრილებით უკვე დავწერე აქ. მოკლედ, არაფრის ზედმეტის მოყიდვას არ ეცადნენ, ყველა კითხვაზე ამომწურავად გამცეს პასუხი და თავისი საქმე იციან 5-ანზე.

სულიერი საზრდო

ნეპალში მოგზაურობის ერთ-ერთი მიზეზი ბუდიზმის ახლოს გაცნობა იყო. ინტერნეტში აღმოვაჩინე კოპანის მონასტერში სხვადასხვა კურსები. აქ შეიძლება დარჩენა დროის რაღაც მანძილზე და სწავლებების მოსმენა, მედიტაცია. ყველაფერი მკაცრად არის რეგლამენტირებული. დაწვრილებით ამ თემაზე უკვე დავწერე – კოპანის მონასტერი.

კოპანი ბუდიზმის ყველაზე დიდი ცენტრია ნეპალში. აქ რომ მოვხვდი ძალიან კარგი იყო, და კიდევ მინდა აქ მოხვედრა. ვისაც აინტერესებს ეს თემა, ძალიან ვურჩევ Discovering Buddhism კურსს. 10 დღის მანძილზე მონასტერში ცხოვრება, ბიბლიოთეკით სარგებლობა და ძალიან საინტერესო გამოცდილება. თან რაც მთავარია გარე სამყაროსთან კავშირები არაა. მიუხედავად იმისა თუ რა რელიგიური მრწამსის მიმდევარი ხართ, არა მგონია აქ ცუდად იგრძნოთ თავი.

საჭმელი

ნეპალში, როგორც ზოგადად აღმოსავლეთ აზიაში პურს ბრინჯი ცვლის. თუმცა ევროპული ტიპის რესტორნებში პური არაა პრობლემა. ნეპალი ინდუისტური ქვეყანაა და აქ ძროხის დაკვლა არ შეიძლება, ამიტომ ძროხის ხორცი როგორც კლასი არ არსებობს. ასევე არ არსებობს ღორის ხორცი, არ ვიცი რელიგიასთან არის თუ არა ეს კავშირში, მაგრამ ღორი არ მინახავს, არც ცოცხალი არც რესტორნების მენიუში. ძირითადად ხორცი არის კამეჩი და ქათამი. თევზი იყიდება თუმცა რა აზრზე არა ვარ. მთაში იაკის ხორციცაა. ასევე პოპულარულია თხის ხორცი. ცხვრებიც არ მინახავს.

ტრადიციული ნეპალური საჭმელია დჰალ ბაათი. ბრინჯი ნაირნაირი ბოსტნეულებით ან ხორცით. რესტორნებში როგორც წესი არის დჰალ ბაატი ვეგეტარიანული და ხორციანი ასარჩევად. რადგან ვცდილობ ვეგეტარიანულად ვიკვებო, თან ხორცს თუ ქონები ან რაღაც დეტალები მოყვება არა ვჭამ, ამიტომ ვეგეტარიანულს ვჭამდი უფრო. საკმაოდ გემრიელია, თუმცა ყველგან სხვადასხვანაირად აკეთებენ. ყველაზე კარგი ნაგარკოტში ვჭამე.

მომოები – ხინკლის ბიძაშვილია, ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი კერძი. მომოს შიგთავსად შეიძლება ყველაფრის გამოყენება, ბოსტნეული, ხორცი, ქათამი, კარტოფილი, კვერცხი, ყველი, მოკლედ ფანტაზიას და გემოვნებას გააჩნია. ძირითადად ეს ტიბეტური კერძია, მაგრამ განეპალურდა. პორციაში 10 მომო შედის და საწებელი მოყვება. მომო ხინკალზე ორჯერ პატარაა, ორთქლზე იხარშება და წვენი არ აქვს.

ევროპული სამზარეულო ტურისტულ ადგილებში არაა პრობლემა, ისევე როგორც აზური. ყველაზე გავრცელებული ინდურია. ერთადერთი – ყველი არაა.. აი ასე როგორც ჩვენთან – აიღო და ყველის თეფში შეუკვეთო. ბოლოს ერთადერთი რაც მომენატრა სწორად ყველი იყო. ტოფუ ყველს არანაირად არ ცვლის.

ფასები ჰუმანურია. 3-4$-დან მაქსიმუმ 10$-ზე ავქაჩე სადილი. ნეპალური დჰალ ბაათი მსუყეა და თუ სადილად ვჭამე, ვახშამზე ლუდი მყოფნიდა. კიდევ, საჭმელი, რაც არაა ევროპულად ადაპტირებული ძალიან ცხარეა. სანიტარიის მდგომარეობა ცუდია, მაგრამ პრობლემა არ შემქმნია. წყალი ისმევა მხოლოდ ბოთლებში ნაყიდი. ისე კი ქოქოსის წვენი ჯობია, უსაფრთხოა და სასარგებლოა, თან ნეიტრალური გემო აქვს.

ტიპური სალათა აქ კიტრი და პომიდორი კი არაა, არამედ კიტრი და სტაფილო. ქუჩაში იაფად შეიძლება ჭამა. მე არაფერი მომივიდა ამ საჭმლით ასე რომ უსაფრთხოა. თუმცა რა ვჭამე აზრზე არა ვარ. ლობიოც საკმაოდ პოპულარული კერძია.

კომენტარებში დაამატეთ თქვენბი გამოცდილება.