მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებს შორის გადამდებია. დაავადებას იწვევს მაიმუნის ყვავილის ვირუსი, რომელიც Orthopoxvirus-ის ოჯახში შედის.

მაიმუნის ვირუსი თავდაპირველად დანიაში აღმოაჩინეს. ეს ვირუსი აფრიკიდან 1950-იან წლებში ჩამოყვანილ მაიმუნებს დაუდასტურდათ. აღსანიშნავია, რომ მაშინ ჯერ არ იცოდნენ მაიმუნის ვირუსი ადამიანებისთივისაც საფრთხის შემცველი თუ იყო. 

პირველი შემთხვევა ადამიანებს შორის 1970-იან წლებში დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების წყაროდ მაიმუნები გვევლინებიან, უმეტესად სწორედ მღრღნელები ითვლებიან ვირუსის გადამტანებად. ადამიანი დაავადებას ძირითადად ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტით იღებს, მათ შორის ნაკაწრების, ნაკბენებისა და ცხოველის სხეულის სითხეებთან შეხების შედეგად. თუმცა, მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანზე გავრცელებაც შესაძლებელია.

როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი? 

ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელება ხდება რამდენიმე გზით:

სხეულის სითხეებთან კონტაქტი: ინფიცირებული ადამიანის სისხლთან, ლიმფასთან ან სხვა სითხეებთან უშუალო კონტაქტის შემთხვევაში ვირუსი შეიძლება გადაეცეს.

სასუნთქი გზების გზით: ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სასუნთქი წვეთების საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ხველას, ცემინებას ან უბრალოდ ლაპარაკს ახორციელებს. ეს განსაკუთრებით დიდი რისკია მათთვის, ვინც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტშია.

დახურული გარემო: საერთო საცხოვრებელ სივრცეში ინფიცირებულთან ერთად ყოფნისას ვირუსის გადაცემის რისკი იზრდება. ინფექცია გავრცელდება ნივთებზე, ტანსაცმელსა და საწოლზე, რომლებსაც ინფიცირებული იყენებდა.

დერმატოლოგიური კავშირი: მაიმუნის ყვავილი ხშირად გამოიხატება კანზე გამონაყარით, რომელიც შეიძლება გახდეს წყარო ინფექციის გავრცელების. გამონაყარის დაზიანების ან წყლულების საშუალებით ვირუსი შეიძლება გავრცელდეს.

მაიმუნის ყვავილის სიმპტომები

მაიმუნის ყვავილის საინკუბაციო პერიოდი  7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები მოიცავს:

  • ცხელებას
  • თავის ტკივილს
  • ზურგისა და კუნთების ტკივილს
  •  დაღლილობის შეგრძნება 

რამდენიმე დღის შემდეგ იწყება გამონაყარი, რომელიც როგორც წესი, სახეზე იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის ხელებსა და ფეხებზე. გამონაყარი გადადის ბუშტუკების ფორმირებაში, შემდეგ კი ჩნდება წყლულები, რომლებიც საბოლოოდ ყვავილად იქცევა და შრება.

მკურნალობა და პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნის ყვავილი ძირითადად თავისით გადის, ანუ 2-4 კვირაში სიმპტომები ქრება, ვირუსის გართულებული ფორმა შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით იმუნოსუპრესიულ პაციენტებში, ბავშვებში და ორსულ ქალებში.

მკურნალობა ძირითადად სიმპტომატურია, რომელიც მოიცავს ტკივილის შემსუბუქებას, კანის გამონაყარის მართვასა და სითხეების ბალანსის შენარჩუნებას.

საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ლიცენზირებული ვაქცინა, რომელიც მაიმუნის ყვავილის პრევენციას უზრუნველყოფს. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) უკვე დაიწყო მუშაობა ლიცენზირების საკითხზე. 

გარდა ამისა, სპეციალური ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც ამ ვირუსთან ბრძოლისათვის იქნება განკუთვნილი, ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, რისკჯგუფებისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენა და მოერიდონ ინფიცირებულებთან კონტაქტს.

პრევენციის მექანიზმები

მაიმუნის ყვავილის პრევენცია ძირითადად მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

ცხოველებთან კონტაქტის შემცირება: განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელება დაფიქსირდა, ცხოველებთან, განსაკუთრებით ველურ მღრღნელებთან და პრიმატებთან, კონტაქტისგან თავის არიდება მნიშვნელოვანია.

ჰიგიენის ზომები: ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით ცხოველებთან ან ინფიცირებულებთან კონტაქტის შემდეგ, უმნიშვნელოვანესია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ნიღბების ტარება: ადამიანებს შორის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში, ნიღბების ტარება აუცილებელია.

იზოლაცია: ინფიცირებული პაციენტების იზოლაცია და მათთან კონტაქტში მყოფების კონტროლი ინფექციის გავრცელების შემზღუდავი ღონისძიებაა.

და ბოლოს, მაიმუნის ყვავილი, მიუხედავად მისი წარმოშობისა და სიმპტომატიკის სიმძიმისა, არ განეკუთვნება იმ დაავადებათა კატეგორიას, რომელთა კონტროლოც ძალზედ რთულია, თუ საჭირო პრევენციული და ჰიგიენური ზომები დაცულია. 

ვირუსის გადაცემა შესაძლებელია როგორც ცხოველებიდან, ასევე ადამიანებიდან, ამიტომ მისი გავრცელების შესაჩერებლად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, სიფრთხილის ზომების მიღება და ინფიცირებულთა დროული მკურნალობა.