ტარგარიენების სახლი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ოჯახი ვესტეროსის ისტორიაში, რომელიც თითქმის 300 წლის განმავლობაში მართავდა შვიდ სამეფოს. ტარგარიენების ოჯახის ფესვებს ძველ ვალირიამდე მივყავართ, თუმცა ამ სტატიაში განვიხილავთ მათ ისტორიას ეიგონ დამპყრობელიდან დიდ სამოქალაქო ომამდე, რომელიც ვესტეროსის ისტორიაში შევიდა “დრაკონთა ცეკვის” სახელით და დაიწყო ვისერის I-ის მეფობის შემდგომ.

ეიგონ I დამპყრობელი (ეიგონ დაპყრობიდან და გამეფებამდე)
ტარგარიენები თავდაპირველად ცხოვრობდნენ კუნძულზე დრაკონის ქვა, რომელიც ვალირიის იმპერიის დასავლეთით, ხოლო ვესტეროსიდან აღმოსავლეთით მდებარეობდა. ვალირია იყო უდიდესი და უძლიერესი ცივილიზაცია ესოსზე, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ, ტარგარიენები დარჩნენ დრაკონების მბრძანებელი ერთადერთი ვალირიული ოჯახი. მათ გარდა ვილარიონების კლანიც ვალირიული წარმოშვების იყო, თუმცა ვილარიონები არ ყოფილან დრაკონთა მბრძანებლები.
მიუხედავად იმისა, რომ ტარგარიენები უკვე დიდი ხანია დაფუძნებულები იყვნენ დრაკონის ქვაზე, მხოლოდ ეიგონ ტარგარიენმა განიზრახა დაეპყრო მთლიანად ვესტეროსი და გააერთიანებინა 7 სამეფო თავისი მმართველობის ქვეშ. მას თან ახლდა ორი და, შეთავსებით მისი ცოლები – ვისენია და რეინისი, რომელთაც ასევე ჰყავდათ დრაკონები. დრაკონების დახმარებით და ტაქტიკური სიბრძნით, ეიგონმა შეძლო ექვსი სამეფოს დამარცხება და Საკუთარი ძალაუფლების ქვეშ გაერთიანება. მხოლოდ დორნმა მოახერხა დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ის გახდა პირველი მეფე ტარგარიენთა დინასტიისა და რკინის ტახტის დამფუძნებელი.
ტარგარიენების მეფობა და დინასტია
ეიგონმა 37 წელი იმეფა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი ვაჟი რეინისისგან – ეინის I ტარგარიენი. აღსანიშნავია, რომ ტარგარიენებს წესად ჰქონდათ, ძველი ეგვიპტის ფარაონების მსგავსად, საკუთარ დებზე ქორწინება. ამას ამართლებდნენ ვალირიული სისხლის სისუფთავის შენარჩუნებით.
თუმცა, ვესტეროსზე გაბატონებული 7 ღმერთის რელიგია ინცესტს ძალიან ცუდად უყურებდა. ეიგონი გამეფებისას უკვე დაქორწინებული იყო საკუთარ დებზე, და მის ოჯახზე ღვთისმსახურები თვალს ხუჭავდნენ. მაგრამ ეინისი მამისგან განსხვავებით რბილი ადამიანი იყო და მას უბედავდნენ იმას, რაზეც ადრე ფიქრიც არ შეეძლოთ.
ტარგარიენების ბატონობით უკმაყოფილო ლორდებმა ოქვსივე სამეფოში დაიწყეს ამბოხი. ზოგ ლორდებს კი მისი საკუთარი დეიდა ვისენია აქეზებდა – მეიგორის დედა.
ტარგარიენების ტრადიციის თანახმად ეინისმა გადაწყვიტა საკუთარი შვილების – რეინას და ეიგონის დაქორწინება. ამის გამო კი მის წინააღმდეგ ამხედრდნენ ღვთისმსახურები და ფაქტიურად დაწყევლეს ეინისი. საბოლოოდ უბრალო ხალხიც კი აუმხედრდა ზედმეტად რბილ მეფეს და ეინისი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. თუმცა ამდენმა ნერვიულობამ უკვალოდ არ ჩაიარა და 35 წლის ასაკში ეინისი გარდაიცვალა.
მეიგორ I საშინელი: მეიგორი იყო ეიგონის და ვისენიას ვაჟი და ეინისის უმცროსი ძმა. ხასიათით მეიგორი სრულიად არ ჰგავდა თავის უფროს ძმას. მისი მმართველობა გამოირჩეოდა სისასტიკით. და რელიგიური ომებით. ის ისტორიაში დარჩა როგორც სასტიკი მეფე, რომელმაც ტახტის შენარჩუნებისთვის ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ვერ მიაღწია ხალხის სიყვარულს.
მეიგორს ემსხვერპლა ეინისის უფროსი ვაჟი ეიგონი და შუათანა ვისეირისი, ხოლო მისი და-ცოლი რეინისი თავად მოიყვანა ცოლად. სასულიერო პირების ამბოხება მეიგორმა სასტიკად ჩაახშო სისხლში.
მეიგორის სისხლიანი მმართველობა ექვს წელიწადს გაგრძელდა. მისი სიკვდილი კი საიდუმლოებებით მოცული იყო. ერთ მშვენიერ დილას ის მკვდარი იპოვეს რკინის ტახტზე.
ჯეიჰერის I მშვიდობიანი: მეიგორის შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი უმცროსი ძმისშვილი ჯეიჰერის I, რომელიც ისტორიაში “მშვიდობიანად” იყო ცნობილი. მისი მმართველობა აღინიშნა სიბრძნით, დიპლომატიით და მშვიდობიანი ურთიერთობებით. ჯეიჰერისის მმართველობა უჩვეულობ ხანგძლივი იყო, მან ტახტზე გაატარა 55 წელიწადი. ცოლად ჯეიჰერიისაც საკუთარი და ალისანა ჰყავდა, რომელიც კეთილი დედოფლის სახელით შევიდა ისტორიაში.
როგორც ადვილი მისახვედრია, ჯეიჰერისის მმართველობის პერიოდი 6 სამეფოსთვის იყო ხანგძლივი მშვიდობის და სტაბილურობის ეპოქა. თვითონ იგი კი სამართლიანი და ბრძენი მმართველი გამოდგა.
თუმცა ასეთ ხანგძლივ მმართველობას მნიშვნელოვანი პრობლემაც მოჰყვა. ჯეიჰერისის მეფობის მიწურულს არცერთი მისი ვაჟი აღარ იყო ცოცხალი. შემდგომი დინასტიური დავების თავიდან ასაცილებლად, ჯეიჰერისმა 101 წელს მოიწვია დიდი საბჭო, რომელსაც უნდა აერჩია მემკვიდრე.

101 წლის დიდი საბჭო
დიდი საბჭოს მოწვევა ვესტეროსის ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენა გახდა. მეფე ჯეიჰერისი უკვე 77 წლის იყო, მისი მემკვიდრე ბეილონი კი უეცრად გარდაიცვალა ინფექციური ავადმყოფობისგან. ბეილონი უკანასკნელი მისი ვაჟი იყო და მისმა გარდაცვალებამ წამოჭრა გაურკვევლობა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო მოხუცებული მეფის მემკვიდრე.
შორსმჭვრეტელმა ჯეიჰერისმა ჰარენქოლის ციხესიმაგრეში მოიწვია დიდი კრება, რომელსაც 6 სამეფოს ყველა წარჩინებული ლორდი, მეისტერები და ღვთისმსახურები ესწრებოდნენ. საბჭოს უნდა აერჩია ტახტის მემკვიდრე და ფიცი მიეცათ მისთვის.
ძირითადი კანდიდატები იყვნენ პრინცესა რეინის ვილარიონი, ჯეიჰერისის შვილიშვილი, მისი უფროსი ვაჟი ეიმონისგან. რეინისს უკვე ჰყავდა ვაჟი მემკვიდრე ლეინორი. პრინცი ვისერის ტარგარიენი, ასევე ჯეიჰერისის შვილიშვილი, ბეილონის შვილი. საბჭომ უპირატესობა ვისერისს მიანიჭა მისი სქესის გამო. საბჭომ უარყო არა მხოლოდ ქალი მემკვიდრე, არამედ მემკვიდრეობის ლეინორისთვის გადაცემა ქალის ხაზითაც. ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო შემდგომში,
ვისერის I ტარგარიენი: ჯაჰერისის ხანგძლივი და მშვიდობიანი მმართველობის შემდეგ, ვესტეროსს ახალი გამოწვევები დაემუქრა. ვისერისის მმართველობაც მეტწილად სტაბილური და მშვიდობიანი იყო. ეს რბილი ხასიათის მეფე გაურბოდა კონფლიქტებს და დაპირისპირებებს. ვისერისი დაქორწინებული იყო ემა არენზე და მათ მხოლოდ ერთადერთი ქალიშვილი რეინირა ჰყავდათ, რაც აღწერილია “დრაკონის სახლში”.
მიუხედავად იმისა, რომ დინასტიის გაგრძელება თითქოს და უზრუნველყოფილი იყო, რადგან მეფეს ჰყავდა უმცროსი ძმა – დაემონი, მისი გარემოცვის უმრავლესობას არ სურდა პრინცის მემკვიდრედ ხილვა. ამის მიზეზი იყო პრინც დაემონის არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაცია და ხასიათი.
ვისერის I და მემკვიდრეობის კრიზისი
დედოფალი მორიგ მშობიარობას გადაყვა, როდესაც პრინცესა რეინირა მხოლოდ 8 წლის იყო წიგნების მიხედვით, თუმცა ფილმში იგი უკვე თინეიჯერია. ამის შემდეგ მამამ პრინცესა აღიარა თავის მემკვიდრეთ, დაემონის საპირწონედ და ლორდებს ფიცი მიაცემინა.
ვისერისი ამ დროს ჯერ ახალგაზრდა იყო და მალევე მოიყვანა მეორე ცოლი – ალისენტა ჰაითაუერი, რომელსაც ეყოლა სამი ვაჟი – ეიგონი, ეიმონდი და დეირონი. ამრიგად ტახტს უკვე მემკვიდრეების დეფიციტი აღარ ემუქრებოდა. თუმცა ვისერისმა სიცოცხლის ბოლომდე არ შეცვალა მემკვიდრეობაში არაფერი. თანაც რეინირა ლეინორ ვილარიონის საეჭვო დაღუპვის შემდეგ ცოლად გაჰყვა საკუთარ ბიძას – დეიმონ ტარგარიაენს, რომლისაგანაც 3 ვაჟი გააჩინა.
სწორედ ამან განაპირობა რომ ვისერისის სიკვდილის შემდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი, სახელად “დრაკონთა ცეკვა“, სადაც ტარგარიენები ორად გაიყვნენ: ერთი მხარე რეინირას მხარეს იდგა, ხოლო მეორე – ეიგონ II-ის მხარეს. ეს იყო დიდი ომი, რომელმაც მრავალი მსხვერპლი და დრაკონთა განადგურება გამოიწვია.
ტარგარიენების ისტორია, ეიგონ დამპყრობელიდან ვისერის I-მდე, არის სირთულეებით, ომებითა და პოლიტიკით სავსე ეპოქა. მათი დინასტია დრაკონებთან კავშირსა და ძლიერ მმართველობას ეყრდნობოდა, თუმცა საბოლოოდ შინაომებმა და ტახტის მემკვიდრეობის კრიზისებმა მათ ძლიერებას დიდი დარტყმა მიაყენა.
