შორეულ 1997 წელს მოვიყვანე სახლში კნუტი. ეს ჩემი მესამე კნუტი იყო, თუმცა პირველი, ვინც ჩემთან 15 წელი გაატარა, ოჯახის წევრი და უსაყვარლესი პიროვნება გახდა. იმ წლებში არც ინფორმაცია იყო ბევრი და მატერიალურადაც არ გვილხინდა. პატარა ფისოს ხან ვისკასს ვაჭმევდით, ტელევიზორში ისეთი რეკლამა იყო, რომ ჩვენ გულუბრყვილოებს გვეგონა, კატისთვის ასე აჯობებდა, იშვიათად როიალ ქენინით ვანებივრებდით, მაგრამ გვეძვირებოდა. კიტიკეტზე კატამ თავიდანვე გული აიცრუა. შემდეგ ფრისკასზე გადავედით და დიდი ხანი ფრისკასს ვაჭმევდით, ფერადი გრანულები საშიშად არ მიგვაჩნდა. სველი საჭმელი კი ვისკასისა იყო ხოლმე ხანდახან, ნებივრობის ვარიანტში. 6 წელი კარგად ვიყავით, ჯანმრთელობას არ უჩიოდა ჩემი პატარა. მაგრამ მოხდა საშინელება – სწორი ნაწლავის ამოვარდნა.

ვეტერინარი, კიდევ კარგი შედარებით მსუბუქად უმკურნალა, ნემსები, მკაცრი დიეტა. იმ წლებში კარგი საკვები არც შემოდიოდა. ვცადეთ კატისთვის ფაფებში არეული ხორცი გვეჭმია, შედეგს ვერ მივაღწიეთ. ბევრი წვალების შემდეგ კატა გამოკეთდა და კიდევ რამდენიმე წელი არა უჭირდა… მაგრამ უკვე 10 წლის ასაკისთვის თირკმელები გაგვიხდა პრობლემა. კენჭის გავლა საშინელი ტკივილებით. ისევ წამლები, ექიმები… ამჯერად გასაგებად გვითხრეს – პრობლემა კატის საკვებია! ან როიალ ქენინი ან ნატურალური კვება, არავითარი ეკონომია ვისკას-ფრისკასები. ამის მერე როიალ ქენინზე გადავედით საბოლოოდ. კატას ცხოვრების ბოლომდე შარდის სისტემის და თირკმელების პრობლემები ჰქონდა, უნებლიე შარდვა, რაც  დამეთანხმეთ ძალიან უსიამოვნოა. ბოლოს კი ფისო 14 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. მაგრამ თავიდანვე რომ გვცოდნოდა ის რასაც აქ დავწერ, უამრავ უბედურებას ავიცილებდით თავიდან.

ახლა ისევ მყავს პატარა ანგელოზი და ვცდილობ არ გავიმეორო იგივე შეცდომები და ჩემი დაუდევრობით არ გავუმწარო სიცოცხლე. კატის სიყვარული, ერთგულება და ჯანმრთელობა დაუფასებელია. ამიტომაც ვწერ ამას, რომ ვისაც გყავთ ოთხფეხა პატარა მეგობრები, სერიოზულად მოეკიდოთ მათი კვების ამბავს და მერე არ გამწარდეთ.

კატის მშრალი საკვები

კატა მტაცებელი ცხოველია და მისი რაციონი ადამიანის რაციონისგან ძალიან განსხვავდება. ყველაზე მარტივი ხერხი თუ როგორ ვაჭამოთ კატას მისთვის მისაღები და ყველაფერი საჭიროს შემცველი საკვები არის კატის მშრალი საკვები. კატების პატრონების უმეტესობა სწორედ ამ ვარიანტს ირჩევენ. თუმცა ყველა საკვები ერთნაირი არაა. საკვები იყოფა შემდეგ კლასებად: ეკონომი, პრემიუმი, სუპერ პრემიუმი და ჰოლისტიკი. სუპერმარკეტებში და “გვერდზე მაღაზიებში” მხოლოდ ეკონომ კლასი გვხვდება.

ეკონომ კლასი – საწამლავი თქვენი კატებისთვის.

სატელეფიზიო რეკლამაში მხოლოდ ეკონომ კლასის საკვებს ნახავთ. ესაა ვისკასი, კიტიკეტი, ფრისკისი და ა.შ. ყველაზე ხელმისაწვდომი ეს საკვებია. თუმცა ეკონომ კლასი არა მხოლოდ არაა სასარგებლო თქვენი პატარებისთვის, არამედ ძალიან მავნებელია. არავინ იცის წინასწარ რა ასაკში აფეთქდება შენელებული მოქმედების ბომბი. შეიძლება თქვენი კატაც 5-7 წლამდე კარგად იყოს მაგრამ მერე? იზრუნეთ კატაზე და მის ჯანმრთელობაზე, ნუ იყიდით ასეთ საკვებს. ეკონომ კლასი თან არც ისე ეკონომიურია. რისგან შედგება ეს საკვები? როგორც წესი ხორცის წარმოების ნარჩენებისგან + საღებავები, კონსერვანტები, სიმინდის წარმოების ნარჩენები გასაბევრებლად. მოდით შევხედოთ შემადგენლობას: როგორც წესი პირველი ის კომპონენტია რაც უფრო მეტია და ა.შ. კლების მიხედვით. ვისკასში პირველი რატომღაც მცენარეული ცილებია. კატა მტაცებელია, ლობიოს და სოკოს არ ჭამს. რათ უნდა მას მცენარეული ცილები? ასევე არაა მითითებული რა ცხოველური ცხიმებია გამოყენებული. კარგ კატის საკვებში მხოლოს ქათმის ცხიმი უნდა იყოს, ღორის კი მავნებელია.

ხორცი საერთოდ არაა, მარტო სუბ პროდუქტები – კუდები, ფრთები და ა.შ. პირველ პოზიციებზე კიდევ მარცვლეულს ვხვდებით, გახსოვდეთ კატა თუთიყუში არაა, მარცვლეული მას მიზერული რაოდენობით სჭირდება. ჭრელა-ჭრულა გრანულები კი კატებისთვის კი არა ჩვენთვისაა, ილუზია – ვითომ მწვანეში მცენარეული კომპონენტია ყავისფერში ხორცეული, სტაფილო სტაფილოსფერში, სინამდვილეში კი საღებავების პალიტრაა. ამის გარდა, კატა რომ ჭამდეს ამ გაუგებრობას, ვისკასი შეიცავს კატაბალახას და სხვა ექსტრაქტებს, რაც კატის დამოკიდებულებას იწვევს. ამას ქიმიური კონსერვანტებიც დავამატოთ. ორგანიზმში ეს ყველაფერი ილექება და ადრე თუ გვიან ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

თქვენს შვილს აჭმევდით ასეთ საეჭვო საჭმელს? კატას რატომ იმეტებთ?

ეკონომიაც მოჩვენებითია. ამდენი “ტრუხით” კატა ვერ ნაყრდება და ბევრს ჭამს. ამრიგად, ეკონომ საჭმლის ძალიან დიდი რაოდენობით ყიდვა გიწევთ. მშრალი საკვების მიღებისას კატამ ბევრი წყალი უნდა სვას. ამდენი ნაგავი ილექება ღვიძლსა და თირკმელებში და ბოლოს ვიღებთ იმას რაც მე მივიღე – თირკმელებში კენჭი, უნებლიე შარდვა… პირდაპირი შედეგი იაფი საკვებით თირკმელების მოსპობისა.
ეკონომ კლასს მიეკუთვნება: Wiskas, Kitikat, Friskies, Purina ONE, Purina Cat Chow, Felix , ОСКАР , Katinka, Perfect Fit, Darling, Kitti, Dr.Clauders, Sheba

პრემიუმ კლასი – გონიერი ეკონომია.

სამწუხაროდ საქართველოში პრემიუმ კლასის საკვები მხოლოდ ზოომაღაზიებში იყიდება და ისიც ყველგან არა. ასეთი საკვები არაა საშიში თქვენი პატარასთვის. პრემიუმ კლასის საკვები ეკონომზე არც ისე ძვირია, ამიტომ შეგიძლიათ თამამად გადახვიდეთ. მის შემადგენლობაში შედის ნორმალური ხარისხის სუბ პროდუქტები (გულღვიძლი და ა.შ) უფრო იშვიათად ხორცი, და დანამატებიც არის მაგრამ ნაკლები. როგორც წესი ეს სოიოა და სხვადასხვა მარცვლეული. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, ცხოველს პრემიუმ საკვები ნაკლები რაოდენობით ესაჭიროება, ამიტომ ფასში სხვაობა რეალურად ძალიან მცირეა. ნაკლები საკვები თირკმელებზე ნაკლებ დატვირთვასაც ნიშნასვს. ამიტომ, თუ კატა ჯანმრთელია, უპრობლემოდ შეიძლება ასეთ საკვებზე იცხოვროს.

საქართველოში, ამ კლასის საკვებიდან ხელმისაწვდომია როიალ ქენინი, ედვანსი და პურინა პრო პლანი. როიალი აბაშიძის 40-ში ნამდვილად იყიდება, თუმცა წონით, პროპლანი და ედვანსო ზოომარტში აქვთ. ჰილსი აღარ შემოდის, ეუკანუბა არ შემხვედრია. თუ კი იცით კიდევ სად რა იყიდება კომენტარებში დაწერეთ.

თუმცა როიალმა ჩემი ნდობა დაკარგა ორი მიზეზის გამო – იგი შეისყიდა კორპორაცია მარსმა – ვისკასის, კიტიკეტის, ჩაპის და პედიგრის მწარმოებელმა, და თან აქ არ ვიცი საფრანგეთში დაფასოებული შემოდის თუ რუსეთში… რუსეთში დაფასოებულს კი რუსულ ზოოვეტ საიტებზე ლანძღავენ.
პრემიუმ კლასს მიეკუთვნება: Royal Canin, Hills, Purina ProPlan, Eukanuba , Bozita , Iams, Natural Choice, Belcando, Brit, Happy Cat , Advance, Flatazor, Guabi, Matisse.

სუპერ პრემიუმი – საუკეთესო არჩევანი

საქართველოში არ შემხვედრია ამ კლასის საკვები და თუ ვინმემ სადმე ნახეთ გამაგებინეთ!

სუპერ პრემიუმ საკვები იდეალურადაა დაბალანსებული, ცილების ზუსტი რაოდენობაა, (ჭარბი ცილები არაა კარგი კატისთვის), არ შეიცავს ქიმიკატებსა და საღებავებს. შეიცავს ხორცს. ისევე როგორც პრემიუმ კლასის საკვები (იქ ცოტა მაინც არის გემოს გამაძლიერებლები) აქ ყველა გრანულა ერთნაირია. სუპერ პრემიუმის გამოყენების შემთხვევაში თქვენი ფისოს ჯანმრთელობა დაცული იქნება.

სუპერ პრემიუმ კლასის საკვები: 1st Choice, Bosch SANABELLE,Arden Grange, ProNature Holistic, Profine Adult Cat, Cimiao, Nutram (Pet Time-ს გარდა. Pet time ეკონომ კლასია), Taste of Wild.

ჰოლისტიკი – უმაღლესი დონე

საქართველოში არც ეს კლასი შემოდის სამწუხაროდ. ვინმემ თუ ნახეთ გამაგებინეთ!!!

ჰოლისტიკი საუკეთესო დონის კატის საკვებია. ინდრედიენტები უმაღლესი ხარისხისაა და ხშირად ბიო პროდუქტია მხოლოდ. ასეთ საკვებში საერთოდ არაა დამატებული არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლები. მარცვლეულსაც იშვიათად შეხვდებით. ჰოლისტიკი იდეალური საკვებია თქვენი კატისთვის.

ჰოლისტიკ კლასის საკვები: Innova, Golden Eagle Holistic, GO и NOW Natural holistic, GRANDORF Natural & Healthy, Almo Nature Holistic, Orijen, Acana, Earthborn Holistic , Eagle Pack Cat Holistic, Chicken Soup, Felidae, ANF holistic, Canidae, Wellness,  Natural&Delicious (N&D), Nutram Grain Free.

ნატურალურ კვებაზე სხვა დროს დავწერ, თუმცა ერთი რამ აქ უნდა ვთქვა – ნუ აურევთ ნატურალურ პროდუქტებსა და მშრალ საჭმელს, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ფისოს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

ამრიგად, გააკეთეთ გონივრული არჩევანი და იზრუნეთ ფისოს ჯანმრთელობაზე.

გამოყენებული მასალები:

პოსტი ეძღვნება ჩემს გარდაცვლილ კატას.